ვაშინგტონ პოსტის მიერ ვიზუალურად წარმოდგენილი ეს რუკები და ცხრილები დაგეხმარებათ იმის გაგებაში, თუ როგორი მრავალფეროვანია დედამიწა ენების მხრივ.
1. ზოგიერთ კონტინენტზე უფრო მეტი ენაა, ვიდრე სხვებზე
მსოფლიოში სულ მცირე 7102 ცოცხალი ენაა ამჟამად.

ყველა კონტინენტი თანაბრად მრავალფეროვანი არ არის სასაუბრო ენების მხრივ. სტატისტიკაში აზია (2301 ენა) ლიდერობს, ხოლო მას აფრიკა მოსდევს (2138 ენა). წყნარ ოკეანეთში 1313 ენაა, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში კი 1064. ევროპა, მიუხედავად ერი-სახელმწიფოების სიმრავლისა, რეიტინგის ბოლოშია 286 ენით.
2. ყველაზე მეტად გავრცელებული მშობლიური ენები
დედამიწაზე 7,2 მილიარდი ადამიანიდან თითქმის ორი მესამედი ამ 12 ენიდან ერთ-ერთზე როგორც მშობლიურ ენაზე საუბრობს.

ჩინურზე, როგორც მშობლიურ ენაზე, ყველაზე მეტი ადამიანი საუბრობს მსოფლიოში. მას მოსდევს ჰინდი და ურდუ, რომლებიც ერთი და იმავე წარმოშობის არის, ჩრდილოეთ ინდოეთიდან. მათ შემდეგ მოდის ინგლისური 527 მილიონი ადამიანით, რომელთათვისაც იგი მშობლიური ენაა. არაბულ მშობლიურ ენაზე საუბრობს თითქმის 100 მილიონით მეტი ადამიანი, ვიდრე ესპანურზე.
ეს რიცხვები ძალიან შთამბეჭდავია, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ორ მესამედზე მეტი მხოლოდ 12 მშობლიურ ენაზე საუბრობს. რიცხვები გამოაქვეყნა დიუსელდორფის უნივერსისტეტის პროფესორმა ულრიხ ამონმა 15-წლიანი კვლევის შემდეგ.
3. ყველაზე მეტად და ყველაზე ნაკლებად მრავალფეროვანი ქვეყნები ენების მიხედვით
როგორც რუკაზე ჩანს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აშშ მშობლიური ენების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა.
თუ, მაგალითად, კამერუნში შემთხვევით ამოარჩევთ ორ ადამიანს, 97 პროცენტიანი ალბათობა გვაქვს, რომ მათ განსხვავებული მშობლიური ენა ექნებათ. აშშ-ში ამის ალბათობა მხოლოდ 33 პროცენტია. შეგიძლიათ დააწკაპოთ ქვეყნებზე და რუკა გიჩვენებთ, თუ როგორი მრავალფეროვანია ესა თუ ის ქვეყანა ენების მხრივ.
ჩვენ შეგვიძლია საქართველო შევადაროთ მეზობელ და ევროპულ ქვეყნებს. საქართველოში იმის ალბათობა, რომ შემთხვევით შერჩეული ორი ადამიანიდან ერთ-ერთს განსხვავებული მშობლიური ენა ექნება 58 პროცენტია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. შედარებისთვის რუსეთში ეს მაჩვენებელი 25 პროცენტია, სომხეთში 13 პროცენტი, აზერბაიჯანში 46 პროცენტი, ხოლო თურქეთში 39 პროცენტი. ამ მხრივ, საქართველო რეგიონში და ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანაა. ევროპული ქვეყნებიდან საქართველოზე წინ მხოლოდ შვეიცარია (66), ბელგია (70), ბოსნია და ჰერცეგოვინა (62) და ლატვია (63) არის.
4. ბევრ პოპულარულ ენაზე ერთზე მეტ ქვეყანაში საუბრობენ
გრაფიკზე წარმოდგენილია რიცხოვნობა ქვეყნებისა, სადაც ამა თუ იმ ენაზე საუბრობენ. მაგალითად, ინგლისურად 101 ქვეყანაში საუბრობენ, ხოლო არაბულად 60-ში.

მიზეზი იმისა, თუ რატომაა ინგლისური, ფრანგული და ესპანური აგრერიგად გავრცელებული მთელს მსოფლიოში იმ ერების იმპერიულ წარსულშია, საიდანაც ეს ენები წარმოიშვა.
5. ინგლისურს ფართოდ იყენებენ როგორც ოფიციალურ ენას
გრაფიკზე გვიჩვენებენ ქვეყნებს, სადაც ინგლისური ენა ოფიციალური ენაა. ასეთი ქვეყანა ოცდათხუთმეტია.
თუმცაღა, ის ფაქტი, რომ ქვეყნის ოფიციალური ენა ინგლისური არის ცოტას გვეუბნება იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ერთმანეთში. ზემოთ რუკაზე გაფერადებულ ზოგ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ აქვს ნასწავლი ინგლისური როგორც მშობლიური ენა.
6. მიუხედავად ყველაფრისა, ენების უმეტესობაზე ერთი მუჭა ხალხი თუ საუბრობს. ამიტომაც, ამ საუკუნის ბოლოსთვის ენების ნახევარზე მეტი გაქრება.
სურათი გვიჩვენებს, თუ სად და რამდენი ენა არის კრიტიკული საფრთხის ქვეშ (წითელი ფერი), სერიოზული საფრთხის ქვეშ (ოქროსფერი) და საფრთხის ქვეშ (ყვითელი ფერი).

დედამიწის მთელი მოსახლეობის მხოლოდ 3 პროცენტი საუბრობს ენების 96 პროცენტზე. მსოფლიოს ყველა ენიდან 2000 ენაზე როგორც მშობლიურ ენაზე 1000-ზე ცოტა ადამიანი საუბრობს.
აქედან გამომდინარე, იუნესკო ვარაუდობს (როგორც ზემოთ რუკა გვიჩვენებს), რომ დღევანდელ მსოფლიოში სასაუბრო ენების ნახევარზე მეტი ამ საუკუნის ბოლოსთვის გაქრება. რუკაზე შეგიძლიათ დააწკაპოთ უფრო დიდი გამოსახულების სანახავად.
7. ეს გრაფიკი გვიჩვენებს, რამდენი ადამიანი სწავლობს ამა თუ იმ ენას მთელს მსოფლიოში
ინგლისურს როგორც უცხო ენას ყველაზე მეტი ადამიანი სწავლობს მთელს მსოფლიოში (1,5 მილიარდი ადამიანი).

ინგლისური მშობლიური ენის სტატუსით რეიტინგში პირველ ადგილს არ იკავებს, თუმცა ყველაზე მეტი ადამიანი სწავლობს ამ ენას. საბოლოო ჯამში, ინგლისურს უფრო მეტი ადამიანი სწავლობს, ვიდრე ფრანგულს, ესპანურს, იტალიურს, იაპონურს, გერმანულს და ჩინურს ერთად აღებულს.
ზოგიერთი ენა მხოლოდ ახლა იქცევს ყურადღებას: იმ კოლეჯების რაოდენობა, რომლებიც ჩინურ ენას ასწავლის 110 პროცენტით გაიზარდა 1990-2013 წლებში, რაც ამ ენას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. იმავე პერიოდში კოლეჯებში რუსული ენის კურსები 30 პროცენტით შემცირდა.
ზოგიერთი ენობრივი უნარი შეიძლება უფრო სასარგებლო იყოს, ვიდრე სხვები. თუ, მაგალითად, გერმანულად საუბრობს, ამერიკელს მთელი კარიერის მანძილზე $128,000-ით მეტის გამომუშავება შეუძლია, MIT-ის მეცნიერის ალბერტ საიზის კვლევის მიხედვით. სულ მცირე ფინანსური თვალსაზრისით, გერმანული ორჯერ უფრო მეტად ღირებულია, ვიდრე ფრანგული და თითქმის სამჯერ უფრო მეტად ღირებული, ვიდრე ესპანური, მაგალითად.
სტატია მომზადებულია Washington Post-ის მიხედვით. სტატიის ორიგინალი შეგიძლიათ ნახოთ აქ.
თქვენი კარიერული, პროფესიული, საქმიანი და ინტელექტუალური განვითარებისთვის ჩვენ გირჩევთ არ გადადოთ და ახლავე დაიწყოთ ინგლისური ენის სწავლა. ამაში ჩვენი ვებ-გვერდი და ქართულ სივრცეში სწავლებისადმი უნიკალური და ინოვაციური მიდგომა დაგეხმარებათ.