გერმანული ფილმი, ზოგადად, შეუძლებელია ყურადღების გარეშე დატოვო ადამიანმა. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საინტერესო გერმანული ფილმი გვინახავს, ჩვენ მაინც შევეცადეთ მათი რიცხვი ათამდე შეგვემცირებინა.
გერმანულენოვან ფილმებს უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში ყველაზე მეტი ოსკარი აქვს მოგებული 2000 წლის შემდეგ და ამ სიაში წარმოდგენილი ფილმების ნახევარიც ოსკარზე გახლდათ წარდგენილი. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრიტიკოსების მიერ აღიარებულ და მოწონებულ ფილმებს არ ანიჭებთ უპირატესობას, ამ ათეულის გაცნობა მაინც დაგაინტერესებთ:
1. Das Boot (ნავი) – 1981
დავიწყოთ ნამდვილი გერმანული კლასიკით. მიუხედავად იმისა, რომ ფილმი ატლანტის ოკენეში მყოფ, მეორე მსოფლიო ომის დროინდელ გერმანულ წყალქვეშა ნავებზეა, იგი მაინც ახერხებს თანამედროვე იერსახის შენარჩუნებას. შიდა და გარე გადაღებებისთვის წყალქვეშა ნავების ორი სრულყოფილი მოდელი შეიქმნა, რამაც ფილმი ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ ნაწარმოებად აქცია.
იმის გამო, რომ მსახიობებს ზუსტ ასლში მოუწიათ თამაში, მათი ფერმკრთალი სახეები და მოუვლელი წვერები ფილმს ძალიან რეალისტურ ელფერს აძლევს. ამასთან ერთად, ყურადღებიდან არ გამოგეპაროთ ფრანგული ღამის კლუბის სცენა, რომლის ფონზეც ყველაზე აღვირახსნილი წვეულებაც კი წმინდა გეგონებათ!
2. Der Untergang (დაცემა) – 2004
ალბათ ბევრს გაქვთ ეს ფილმი უკვე ნანახი. ჩვენს სატელევიზიო და ინტერნეტსივრცეში ცნობილია როგორც “ბუნკერი”. ამის მიუხედავად, პირდაპირი თარგმანი “დაცემა” უფრო შეესაბამება სათაურად მას, ვიდრე “ბუნკერი”. ფილმი აღწერს ადოლფ ჰიტლერის და გერმანული რაიხის ბოლო დღეებს. ბრუნო განცი (მსახიობი, რომელიც ჰიტლერს ასახიერებს) სრულყოფილად თამაშობს თავის როლს. სიტყვაზე ჩვენ ნუ გვენდობით, იან კერშო, ცნობილი ისტორიკოსი და ჰიტლერის ბიოგრაფი წერს: “ფიურერის ყველა განსახიერებას შორის […] ეს არის ერთადერთი და დამაჯერებელი ჩემთვის”.
ფილმი იუთუბის სენსაციადაც იქცა და ჰიტლერის ბრაზიანი საუბრის უამრავი დუბლი გამოჩნდა. გინდ სახალისო უწოდეთ, გინდ უგემოვნო, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება: ბევრისთვის იგი შარის მომტანიც კი აღმოჩნდა. მათ შორის არის შოტლანდიელი პარლამენტარიც, რომელსაც მოუწია თანამდებობა დაეტოვებინა მას შემდეგ, რაც პაროდიული ვიდეო გამოაქვეყნა.
3. Die Fälscher (გამყალბებლები) – 2007
ეს ფილმი ავსტრიულია. ამიტომ, შეიძლება ზოგმა თქვას ადგილიც არ ეკუთვნისო სიაში, მაგრამ გერმანიაშია იგი გადაღებული და გერმანულენოვანია.
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ოსკარის მფლობელი ნაწარმოები, Die Fälscher აღწერს ნაცისტების ომის დროინდელ საოცარ, მაგრამ ნაკლებად ცნობილ ამბავს. Bernhard-ის ოპერაცია იყო ბრიტანული გირვანქა სტერლინგის გაყალბების გეგმა, რომელიც მიზნად ბრიტანეთის ეკონომიკის გავსებას და ჰიპერინფლაციის გამოწვევას ისახავდა.
ფილმი მემუარებზეა დაფუძნებული და ებრაელი გამყალბებლის, სალი სოროვიჩის მოგზაურობას მიყვება. სოროვიჩს ოპერაციის გაძღოლას სახზენჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში აიძულებენ.
4. Nirgendwo in Afrika (არსად აფრიკაში) – 2002
შორეულ კენიაში გადაღებული ეს ლამაზი, კლასიკური ფილმი ოსკარის კიდევ ერთი გამარჯვებულია. რეალისტურ ელფერს ფილმს გერმანული, ინგლისური და სუაჰილური ენების ნაზავიც სძენს. იგი აღწერს ებრაელი ლტოლვილების ოჯახის ისტორიას. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ებრაელთა ოჯახი შუაგულ კენიაში პატარა ფერმაში გადასახლდება.
ფილმის მთავარი კომპონენტია ოჯახის წევრებსა და ადგილობრივებს შორის ურთიერთობები და იგი თქვენზე ნამდვილად მოახდენს გავლენას.
5. მშვიდობით, ლენინო! – 2003
იუმორი ალბათ უკანასკნელი რამეა, რაც გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის და აღმოსავლეთ ბერლინის გახსენებისას მოუვა თავში ადამიანს. ეს ფილმი კი სწორედ ასეთ, მოულოდნელად კომიკურ პოზიციას იკავებს. ტრაგიკომედია თან სდევს ახალგაზრდა აღმოსავლეთ ბერლინელს, ალექსს. იგი ცდილობს კედლის დაცემა და კომუნიზმის დასასრული დაუმალოს მის სოციალისტ დედას, რომელიც მძიმედ არის ავად. კაპიტალიზმის ნიშნები ყველგან ჩნდება და ფილმიც პირისპირ ხვდება მთელ ამ “ოსტალგიას” – აღმოსავლეთ ბერლინის ნოსტალგიას. ეს ყველაფერი სასაცილო, მაგრამ ამავდროულად ემოციური საყურებელიცაა.
6. Das Leben der Anderen (სხვათა ცხოვრება) – 2006
ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გერმანული ფილმია Das Leben der Anderen, რომელიც აღწერს Stasi-ის (აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო პოლიცია) მოქმედებას 1980-იანი წლების აღმოსავლეთ ბერლინში. Stasi-ის აგენტი ჰერდ ვისლერი ბერლინელი დრამატურგის სათვალთვალოდაა მიჩენილი, მაგრამ ეს საქმიანობა მისთვის შემაწუხებელი ხდება.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, ულრიხ მიუემ, რომელიც გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვარსკვლავი იყო, აღმოაჩინა, რომ მასზე ინფორმაციას მისი ოთხი ყოფილი კოლეგა აგროვებდა. ამას გარდა, მეუღლესაც კი ბრალი დასდო მან ინფორმატორობაში. როცა ჰკითხეს, როლისთვის როგორ ემზადებოდიო, მსახიობმა მარტივად უპასუხა: “გამახსენდა.”
ამ ფილმს შეგიძლიათ უყუროთ ჩვენივე საიტზე გერმანული სუბტიტრებით: https://ilearn.ge/germanuli/sxvebis-cxovreba-das-leben-der-anderen/
7. Barbara – 2012
მათთვის, ვინც უპირატესობას ნელ, უფრო სახელოვნებო ფილმებს ანიჭებს, ეს შეიძლება საუკეთესო ვარიანტი იყოს. მაშინ, როცა ცივი ომის დროინდელი გერმანული ფილმების უმეტესობა ბერლინს არ სცდება, ეს ნაწარმოები აღწერს, თუ როგორი იყო ცხოვრება აღმოსავლეთ გერმანიაში. ბარბარა ექიმია, რომელიც დასავლეთში წასვლას ცდილობდა და ამის გამო დასაჯეს. იგი იზოლირებულ, ქალაქგარეთ მდებარე საავადმყოფოში აღმოჩნდება. ფილმში არაა აფეთქებები და სროლები. ესაა გულის ამაჩუყებელი ისტორია, რომელიც ლამაზადაა გადაღებული.
8. Der Baader-Meinhof Komplex (ბაადერ-მაინჰოფის კომპლექსი) – 2008
განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომელთაც ცივი ომი არ ახსოვთ, დასავლეთ გერმანია აყვავებული და მშვიდობიანი წარმოუდგენიათ მის დედმამიშვილთან შედარებით. ეს ფილმი კი საპირისპიროს ამტკიცებს: იგი დოკუმენტურად ასახავს ახალგაზრდების რადიკალური მოძრაობის აღზევებას გერმანიაში და ყურადღებას ამახვილებს ბაადერ-მაინჰოფის ჯგუფზე. ეს მემარცხენე ჯგუფი სახელმწიფომ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ფილმი საშუალებას გაძლევთ ექსტრემისტი აქტივისტების აზროვნებას ახლოდან გაეცნოთ.
9. Die Welle (ტალღა) – 2008
ეს ტრილერი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. კალიფორნიაში სკოლის მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩაეტარებინა ექსპერიმენტი და ამ გზით ესწავლებინა მოსწავლეებისთვის ნაციზმის შესახებ. 1971 წელს ჩატარებული სტენფორდის ციხის ექსპერიმენტის მსგავსად – ეს უკანასკნელი არაჩვეულებრივადაა აღწერილი კიდევ ერთ გერმანულ ფილმში, Das Experiment – იგი გვიჩვენებს მასობრივი მოძრაობების შემაძრწუნებელ ბუნებას.
ფილმი სვამს კითხვას: შესაძლებელია თუ არა, რომ ფაშიზმი ისევ განმეორდეს თანამედროვე სამყაროში? დასასრულის ნახვის შემდეგ კი დარწმუნებული ნამდვილად ვერ იქნებით, რომ ეს შეუძლებელია.
10. Unsere Mütter, Unsere Väter (ჩვენი დედები, ჩვენი მამები) – 2013
ეს უკანასკნელი სატელევიზიო მინი-სერიალია. სამი, 90-წუთიანი ნაწილისგან შემდგარი ფილმი ხუთი გერმანელი მეგობრის განსხვავებულ მოგზაურობებს აღწერს 1941-1945 წლებში.
ამ ფილმს ხშირად ადარებენ Band of Brothers-ს, თუმცა მძაფრსიუჟეტიან სცენებთან ერთად იგი ბევრ მორალურ შეკითხვასაც შეიცავს. კრიტიკოსების აზრიც გაყოფილია. ზოგი მიიჩნევს, რომ შოუმ დისკუსია გააღვივა წარსულის შესახებ ოჯახის ჭრილში. სხვები ფიქრობენ, რომ ფილმი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს გვერდს უვლის. ნახეთ და თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ.
👉 რომელ ფილმს ამოიღებდით სიიდან ან თქვენ ხომ არ გაქვთ საყვარელი ფილმი, რომელსაც დაამატებდით? გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარის სახით. მოგვწერეთ თქვენი ალტერნატიული სია და შეიძლება ალტერნატიული ათეულიც კი შევქმნათ 😉 ეს კი იყო The Local-ის და ჩვენი გემოვნების მიხედვით მომზადებული 10 საუკეთესო გერმანული ფილმი.