რატომ უნდა ვისწავლო უცხო ენა?

უცხო ენა კარგად რომ ისწავლოთ, დრო და მონდომებაა საჭირო. დღეს საქართველოში ძალიან ცოტა სვამს კითხვას, თუ რატომ უნდა ისწავლონ უცხო ენა. ყველა დარწმუნებულია, რომ უნდა ისწავლოს ინგლისური. სწავლობენ სხვა უცხო ენებსაც, თუმცა მასობრივად იგრძნობა მოტივაციის ნაკლებობა.

საჭიროა ხალხის მასების მიერ ატაცებული აზრებისა და ილუზიების ნაცვლად კონკრეტული არგუმენტები დავინახოთ და გავაცნობიეროთ. დასვით შეკითხვა: „რატომ უნდა ვისწავლო უცხო ენა?“. მოცემული არგუმენტები გაგიქარვებთ ყველა იმ ეჭვს, რომლებიც ამ გადაწყვეტილების მიღებისას შეიძლება გქონდეთ. ზოგიერთი პრაქტიკულია, ზოგი შთამაგონებელი, სხვები ინტელექტუალური ან სენტიმენტალური. რა მიზეზიც არ უნდა იყოს, მკაფიო წარმოდგენის ქონა, თუ რატომ სწავლობთ ენას აუცილებელია მოტივაციისთვის.

რაც უფრო მეტი ენა იცი, უფრო მეტად ხარ ადამიანი. (თომას მასარიკი)

ემიგრაცია

როდესაც სხვა ქვეყანაში მიდიხართ, ადგილობრივი ენის ცოდნა დაგეხმარებათ ადამიანებთან კომუნიკაციის დამყარებაში. შესაბამისად, თქვენც წარმატებით მოახდენთ საზოგადოებაში ინტეგრაციას.

ოჯახი და მეგობრები

თუ თქვენი პარტნიორი, ნათესავები ან მეგობრები სხვა ენაზე საუბრობენ, მათი ენის სწავლა უფრო კომუნიკაბელურს გაგხდით. უკეთესად გაიგებთ მათ კულტურასა და აზროვნების სტილს.

სამსახური და უცხო ენა

თუ თქვენი სამსახური უცხოელებთან მუდმივ კონტაქტს მოითხოვს, აუცილებლად დაგჭირდებათ უცხო ენის სწავლა. რაც უფრო უკეთესად გეცოდინებათ შესაბამისი უცხო ენა, მით უფრო წარმატებული იქნებით. მაგალითად, უკეთესად შესთავაზებთ და გაყიდით პროდუქტს, აწარმოებთ მოლაპარაკებებს და გააფორმებთ კონტრაქტებს. თუკი უმუშევარი ხართ, უცხო ენების ცოდნა სამსახურის შოვნის შანსსაც გაგიზრდით. თავადვე შეგეძლებათ დამოუკიდებლად საქმიანობა, მაგალითად, საკუთარი ინგლისურენოვანი საიტის აწყობა. კარგი ბლოგების შემოსავალი კი საშუალოდ დღეში რამდენიმე ასეულ დოლარს შეადგენს.

ინგლისურენოვანი ბიზნესმენების უმეტესობა თავს არ იწუხებს უცხო ენების სწავლით, რადგანაც კომუნიკაციისთვის ან ინგლისურს ან თარჯიმნებს იყენებენ. უცხო ენის არცოდნა მათაც არახელსაყრელ პირობებს უქმნის, რადგან ვერ იგებენ გარეშე საუბრებს და თარჯიმანიც მთელ პროცესს ანელებს. რაც შეეხება არაინგლისურენოვან ადამიანებს, მათთვის ინგლისური ენის ცოდნა, რა თქმა უნდა, ნომერ პირველი პრიორიტეტია.

სწავლა და კვლევა

თუ გავითვალისწინებთ, რომ ინტერნეტში არსებული მთელი ინფორმაციის დაახლოებით 80% ინგლისურ ენაზეა, ადვილი წარმოსადგენია, რამდენად მნიშვნელოვანია ამ ენის ცოდნა. თუ თქვენ განათლებით, ინოვაციებითა და კვლევებით ხართ დაინტერესებული, ნუ გადადებთ არა მხოლოდ ინგლისურის, არამედ რამდენიმე სხვა ენის სწავლასაც. ეს იქნება თქვენთვის ყველაზე სასარგებლო საქმე, რაც კი ცხოვრებაში ამ მხრივ შეიძლებოდა გაგეკეთებინათ!

მოგზაურობა და უცხო ენა

თუ ადამიანები თქვენს საუბარს ვერ გაიგებენ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგეძლებათ, არის აუწიოთ ხმას ან ისაუბროთ დამარცვლით. ეს, რასაკვირველია, ხუმრობით. უცხო ენის ელემენტარული ცოდნა სხვა ქვეყანაში მოგზაურობისთვის აუცილებელია. ვგულისხმობ ისეთ საჭიროებებს, როგორიცაა საჭმელ-სასმელის შეკვეთა, ბილეთების ყიდვა, სასტუმრო და ასე შემდეგ. ენის უფრო მაღალ დონეზე ცოდნის შემთხვევაში კი შეგიძლიათ ნამდვილი დიალოგები გქონდეთ ადამიანებთან, რომლებსაც შეხვდებით. ეს იქნება ძალიან საინტერესო და თქვენს არდადეგებსაც სულ სხვა ელფერს შესძენს. ბევრ ახალ მეგობარს შეიძენთ და იქნებ თქვენი გულის სწორიც იპოვოთ.

საზღვარგარეთ სწავლა

საქართველოში ძალიან პოპულარული თემაა. უკეთესი განათლების მიზნით ვგეგმავთ უცხოურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელებას, თუმცა ძალიან ბევრს ამ მიზნის მიღწევაში სწორედ ენის არცოდნა უშლის ხელს. თუკი გრანტების მოპოვების გზით (გაცვლითი პროგრამებით) საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლაზე ფიქრობთ, უცხო ენის სწავლის გარდა აუცილებლად გირჩევთ, გაიაროთ კონსულტაცია იმ ადამიანებთან, რომლებსაც ამ მხრივ დიდი გამოცდილება აქვთ.

კულტურა

თუ თქვენ რომელიმე ქვეყნის ლიტერატურა, პოზია, ფილმები,  სატელევიზიო გადაცემები ან კულტურის სხვა რომელიმე ნაწილი გიზიდავთ, დამეთანხმებით, შესაბამისი ენის ცოდნა თქვენთვის ძალიან სასარგებლო იქნება, რათა უფრო ახლოს და ღრმად გაეცნოთ ამა თუ იმ კულტურას.

უბრალოდ მაგარია

შეიძლება უბრალოდ რომელიმე ენის ჟღერადობა მოგწონდეთ, მაგალითად მათი სიმღერები. თუკი სიმღერა მოგწონთ, იმ ენის სწავლა, რომელზეც მღერით ძალიან საინტერესო და სასარგებლოა.

ერთი ენა არასდროს არაა საკმარისი!

თუკი თქვენც ჩემსავით ხართ ლინგუაფილი / გლოსოფილი / ლინგუაჰოლიკი ან რა სახელიც შეიძლება უწოდო ადამიანს, რომელიც ენების სიყვარულითაა გატაცებული და უხარია მათი სწავლა, მაშინ ერთი ენა არასდროს არაა საკმარისი.

გაგვიზიარეთ თქვენი აზრი – რატომ სწავლობთ უცხო ენას?

Leave a Comment