გერმანელი მწერლები თქვენთვის წესით უცხო არ უნდა იყვნენ, მაგრამ ერთი წუთით დაფიქრდით. რას გეუბნებათ გერმანული ენის მასწავლებელი ყოველთვის? თუ ვერ ლაპარაკობთ, მაშინ იკითხეთ, იკითხეთ და უფრო მეტი იკითხეთო! კითხვა ძალიან დაგეხმარებათ თქვენი ენობრივი უნარების გაუმჯობესებაში. როცა გერმანული ლიტერატურის ამ შესანიშნავ წარმომადგენლებს გაეცნობით, გერმანულ აზრსა და კულტურას უფრო სიღრმისეულად ჩაწვდებით. ჩემი აზრით, ნაწარმოების თარგმანის წაკითხვა ვერაფრით შეედრება ორიგინალს იმ ენაზე, რომელზეც ეს ნაწარმოები დაიწერა.
ქვემოთ წარმოგიდგენთ რამდენიმე გერმანელ მწერალს, რომლებიც უამრავ, მათ შორის, ქართულ ენაზეც შეგიძლიათ გაიცნოთ და რომლებმაც ძალიან ბევრ ადამიანზე იქონიეს გავლენა და ფაქტობრივად, სამყარო შეცვალეს თავიანთი ნაწარმოებებით.
იოჰან კრისტოფ ფრიდრიხ ფონ შილერი (1759-1805)

შილერი Sturm und Drang-ის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი პოეტი იყო. იგი გერმანელი ხალხის თვალში მაღალ ადგილს იკავებს გოეთესთან ერთად. ვაიმარში ძეგლიც კი არის, სადაც ისინი ერთად არიან გამოსახულნი. შილერი წარმატებული პირველივე ნაწარმოების გამოქვეყნებისთანავე გახდა – Die Räuber (მძარცველები) მან სამხედრო აკადემიაში სწავლის დროს დაწერა და სწრაფად გახდა ცნობილი ევროპაში. თავიდან შილერი მღვდლობისთვის ემზადებოდა და სწავლობდა, შემდეგ ცადა ექიმობა, სანამ საკუთარი თავი საბოლოოდ არ მიუძღვნა წერას და ისტორიისა და ფილოსოფიის სწავლებას იენის უნივერსიტეტში. მოგვიანებით, ვაიმარში გადასვლის შემდეგ გოეთესთან ერთად ჩამოაყალიბა Das Weimar Theater, წამყვანი თეატრალური დასი იმ დროისთვის.
შილერი გერმანული განმანათლებლობის პერიოდის, die Weimarer Klassik-ის ნაწილად იქცა, რომლის ნაწილიც ასევე იყვნენ გოეთე, ჰერდერი და ვილანდტი. ისინი წერდნენ და ფილოსოფიურად მსჯელობდნენ ესთეტიკასა და ეთიკაზე. შილერის კალამმა, თავის მხრივ, გავლენიანი ნაწარმოები Über die ästhetische Erziehung des Menschen (ადამიანის ესთეტიკური აღზრდის შესახებ) შექმნა.
ყველასთვის ცნობილი ბეთჰოვენის მე-9 სიმფონიაში სწორედ შილერის ლექსია – “An die Freude”. მოგვიანებით ეს მელოდია ევროკავშირის ჰიმნად იქცა, რა თქმა უნდა, ლექსთან ერთად. მას შეგიძლიათ აქვე მოუსმინოთ და გერმანულ ტექსტსაც მიადევნოთ თვალი:
გიუნტერ გრასი (1927-2015)
გიუნტერ გრასი ერთ-ერთი გამოჩენილი გერმანელი მწერალია, რომელიც ახლახანს, 2015 წელს გარდაიცვალა და რომლის შემოქმედებაც ლიტერატურაში ნობელის პრემიის ღირსი გახდა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია დანციგური ტრილოგია Die Blechtrommel (თუნუქის დოლი), Katz und Maus (კატა და თაგვი), Hundejahre (ძაღლის წლები) და ასევე, უახლესი ნაწარმოები Im Krebsgang (კიბორჩხალას სვლით). თავისუფალ ქალაქ დანციგში დაბადებული გრასი ერთ ადგილას არ გაჩერებულა არასდროს: იგი იყო სკულპტორი, მხატვარი და ილუსტრატორი. ამას გარდა, მთელი ცხოვრების მანძილზე გრასი ევროპული პოლიტიკური საქმეებითაც იყო დაინტერესებული ყოველთვის და “2012 წლის ევროპელის” ჯილდოც კი მიიღო დანიის ევროპული მოძრაობისგან. 2006 წელს მედიის ყურადღება Waffen SS-ში თინეიჯერობის დროს მისმა მონაწილეობამ მიიპყრო. გრასი უარყოფითადაა Facebook-ის მიმართ განწყობილი. აი, რას წერს იგი:
“ნებისმიერს, ვისაც 500 მეგობარი ჰყავს, მეგობარი საერთოდ არ ჰყავს.” – გიუნტერ გრასი
ვილჰელმ ბუში (1832-1908)
ვილჰელმ ბუში კომიკური სტრიპის ფუძემდებლადაა მიჩნეული კარიკატურული ნახატების გამო, რომლებიც მის ლექსებს ახლდა თან. ყველაზე პოპულარულ ნაწარმოებებს შორის შეიძლება გამოვარჩიოთ მაქსი და მორიცი, საბავშვო კლასიკური ნაწარმოები, რომელიც ონავარ ბავშვებზე მოგვითხრობს. ესაა ბალადა, რომელსაც ხშირად კითხულობენ და თეატრალურად დგამენ გერმანულ სკოლებში.
ბუშის ნაწარმოებების უმეტესობა საზოგადოებაში თითქმის ყველაფერზე სატირულ თვალთახედვას წარმოადგენს! მისი ნაწარმოებები ხშირად ორმაგი სტანდარტების პაროდიაა. მწერალი მასხრად იგდებს ღარიბების უვიცობას, მდიდრების სნობიზმს და განსაკუთრებით, სამღვდელოების პომპეზურობას. ბუში ანტიკათოლიკე იყო და ზოგიერთ მის ნაწარმოებში ეს აისახა კიდეც. მაგალითად, Die fromme Helene-ში პირდაპირაა მინიშნება გათხოვილ ელენასა და სასულიერო პირს შორის რომანზე ან, მაგალითად, Der Heilige Antonius von Padua-ში კათოლიკე წმინდანს, ანტონიუსს საბალეტო ტანისამოსში გამოწყობილი ეშმაკი აცდუნებს. ამ ნაწარმოებებმა ბუში პოპულარულიც გახადა და შეურაცხმყოფელიც. ასეთი და მსგავსი სცენების გამო Der Heilige Antonius von Padua ავსტრიაში 1902 წლამდე აკრძალული იყო.
ჰაინრიჰ ჰაინე (1797-1856)
ჰაინრიჰ ჰაინე მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გერმანელი პოეტი იყო. მის წინააღმდეგ მთავრობა უამრავ ხერხს მიმართავდა, რადგანაც ჰაინეს რადიკალური პოლიტიკური შეხედულებები გააჩნდა.
ლირიკული პროზა კიდევ ერთი სფეროა, რითიც ცნობილია ჰაინე. შუმანის, შუბერტის და მენდელსონის კლასიკურმა ნაწარმოებებმა იგი მუსიკად აქცია და Lieder-ის ფორმით მიაწოდა საზოგადოებას.
ჰაინრიჰ ჰაინე, დაბადებით ებრაელი, დიუსელდორფში დაიბადა და სახელად ჰარის ატარებდა, სანამ ქრისტიანად არ მოინათლა 20-30 წლის ასაკში. თავის ნაწარმოებებში ჰაინე ხშირად დასცინოდა თვალცრემლიან რომანტიზმს და ბუნების მაღალფარდოვან აღწერას. მიუხედავად იმისა, რომ ჰაინეს უყვარდა თავისი გერმანული ფესვები, იგი ხშირად აკრიტიკებდა გერმანული ნაციონალიზმის კონტრასტულ გრძნობას.