6 ყველაზე გავრცელებული შეცდომა გერმანულ ენაში: რა უნდა იცოდეთ იმისათვის, რომ სულელური შეცდომები არ მოგივიდეთ? როგორ არ უნდა აურიოთ ერთმანეთში მოდალური ზმნები? არსებობს თუ არა რჩევები მათთვის, ვინც მეტყველებისას შეცდომების გაპარვას ერიდება? პასუხებს ამ კითხვებზე ჩვენს სტატიაში იპოვით!
შეცდომების გარეშე საუბარი, მოგეხსენებათ, ოცნებაა ყველასი, ვინც უცხო ენის დაუფლებას ცდილობს. ნაწილობრივ, ფრაზების აგებისას ჩვენი ტვინი ქვეცნობიერად მშობლიურ ენასთან ანალოგიას იყენებს, რასაც შეცდომებამდე მივყავართ კიდეც. ხშირ შემთხვევაში დიდი გავლენა აქვს სხვა ენებსაც.
1. Können — dürfen
ზმნების ეს წყვილი გერმანული ენის შემსწავლელებს ხშირად აბრკოლებს. ქართულად ორივე მათგანი ითარგმნება როგორც „შეძლება“.
სად არის განსხვავება?
KÖNNEN გამოხატავს:
— ადამიანის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს.
Ich kann schwimmen — მე შემიძლია ცურვა
Ich kann lesen — მე შემიძლია კითხვა
— მოვლენათა ალბათობას, შესაძლებლობას ან შეუძლებლობას:
Kann sein — შესაძლოა
Das kann jedem passieren — ეს შეიძლება ნებისმიერს შეემთხვეს
DÜRFEN გვჭირდება იმისათვის, რომ ავკრძალოთ ან დავუშვათ რამე. „დასაშვებია-აკრძალულია“ ტიპის ურთიერთობას მივყავართ გერმანულ ზმნამდე — DÜRFEN.
Man darf hier nicht rauchen — აქ არ შეიძლება მოწევა
Ich darf Alkohol trinken — მე შემიძლია ალკოჰოლის დალევა
2. Müssen — sollen
ალბათ, ზმნების ეს წყვილი ყველაზე სახიფათოა. ისინი ვალდებულებას (აუცილებლობას) გამოხატავს.
MÜSSEN შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ:
— თქვენ ხართ უფროსი და ესაუბრებით თანამშრომლებს:
Du musst ja diese Aufgabe sofort machen! — ეს დავალება ახლავე უნდა შეასრულო!
— საკუთარ თავში ცდილობთ სინდისის გაღვიძებას (შინაგანი აუცილებლობა):
Ich muss mehr lesen um neue Kenntnisse zu erwerben. — მეტი უნდა ვიკითხო იმისათვის, რომ ახალი ცოდნა შევიძინო.
— მეგობარს დაბეჯითებით და ემოციურად ურჩევთ რამეს:
Der neue Film ist einfach toll! Du musst diesen Film angucken! — ეს ახალი ფილმი უბრალოდ საუკეთესოა! უნდა ნახო!
SOLLEN კი შემდეგ შემთხვევებში გამოგადგებათ:
— თანამშრომლებთან ურთიერთობისას დაგეხმარებათ რბილი ფორმით გამოხატოთ, თუ რა გსურთ მათგან:
Du sollst diesen Brief jetzt schreiben. — ეს წერილი ახლა უნდა დაწერო.
— თუ პირობები (სამუშაო, სწავლა და ა.შ.) თქვენზე ძლიერი აღმოჩნდა და ყველაფრის მიუხედავად, მაინც გიწევთ მისი შესრულება:
Ich soll morgens früh aufstehen, weil mein Studium um 8 beginnt. — ადრე უნდა ავდგე იმიტომ, რომ სწავლა 8 საათზე იწყება.
— ადამიანებს ეხმარებით რჩევებითა და რეკომენდაციებით:
Du sollst mehr lesen. — მეტი უნდა იკითხო.
3. Möchten — wollen
ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, უთქვამს ქართველ კაცს. ამ მხრივ, გერმანელებიც საკმაოდ დელიკატურები არიან და სურვილებს თავშეკავებულად გამოხატავენ. ამიტომ, ზედმეტი მჭევრმეტყველება საჭირო არ არის .
ნებისმიერი თავმოყვარე გერმანელი სადილობას ან დალევას თუ გადაწყვეტს, ასე მოგმართავთ ალბათ:
Ich möchte eine Tasse Tee/ein Glas Bier. — ერთ ფინჯან ჩაის/კათხა ლუდს დავლევდი.
გერმანელი ამ ზმნას — MÖCHTEN იმისთვისაც გამოიყენებს, რომ მიგანიშნოთ, თუ რისი გაკეთება სურს. მაგალითად, ცუდი თუ არ იქნებოდა თეატრში ან კინოში წასვლა.
Ich möchte heute ins Theater gehen. — დღეს თეატრში წავიდოდი.
ზმნა WOLLEN უფრო ძლიერად გამოხატავს ემოციას. ამიტომ, ეს წინადადება:
„Ich will eine Tasse Tee“ თქვენს აზრს უფრო მკაცრ ტონს შესძენს.
მთავარი მონდომებააო, ამასაც ამბობს ხალხური სიბრძნე. თუ რამე ძალიან გინდათ, თამამად გამოიყენეთ ზმნა WOLLEN:
Ich will eine neue Wohnung kaufen. — ახალი ოთახის ყიდვა მინდა.
ზმნა WOLLEN მაშინაც გამოგადგებათ, თუ, მაგალითად, მომავლის გეგმებზე საუბარს გადაწყვეტთ:
Ich will meinen Urlaub in Afrika verbringen. — მინდა, რომ ჩემი შვებულება აფრიკაში გავატარო.
4. Bekommen — werden
ზმნა bekommen-ის არასწორად გამოყენების ჩვევა საკმაოდ ძველია და ფესვები ინგლისურ ენაში უნდა ვეძებოთ. იგი დაკავშირებულია ინგლისურ ზმნასთან „become (ინგლ.) – გახდომა“.
ყოველი შემთხვევისთვის შეგახსენებთ:
werden — გახდომა
bekommen — მიღება
5. Stehen — stellen, legen — liegen, sich setzen — sitzen, hängen — hängen
ესენი კი უბრალოდ უნდა დაიმახსოვროთ:
1. Stehen (wo?) + Dat (stand, gestanden) — დგომა (დგას)
Stellen (wohin?) + Akk (stellte, gestellt) — დადგმა (დგამს)
2. Liegen (wo?) + Dat (lag, gelegen) — წოლა, დება (დევს)
Legen (wohin?) + Akk (legte, gelegt) — დაწვენა, დადება (დებს)
3. Sitzen (wo?) + Dat (sass, gesessen) — ჯდომა
Sich setzen (wohin?) + Akk (setzte, gesetzt) — დაჯდომა
4. Hängen (wo?) + Dat (hing, gehangen) — კიდება (კიდია)
Hängen (wohin?) + Akk (hängte, gehängt) — დაკიდება (კიდებს)
6. Wortfolge in Nebensatz (სიტყვათა წყობა დაქვემდებარებულ წინადადებაში)
„Nebensatz“ — ე.ი. ზმნა წინადადების ბოლოშია! — გერმანულ ენაში რთული წინადადების შედგენისას ეს წესი აუცილებლად უნდა დაიმახსოვროთ.
რთული წინადადებების უამრავი ტიპი არსებობს და კიდევ უფრო მეტია წინადადებების დამაკავშირებელი სიტყვების რაოდენობა. მსგავს წინადადებებში ზმნა ყოველთვის ბოლო ადილს იკავებს.
Ich weiß, dass du mich liebst. — Präsens დროში წინადადების აზრის განმსაზღვრელ ზმნას ბოლოში ვსვამთ
Ich kann nicht genau sagen, wann die Versammlung stattfindet. — მოცილებადი თავსართები ზმნებს უერთდება
Ich verstehe, dass du mich angelogen hast. — თუკი წინადადებაში დამხმარე ან მოდალური ზმნა გვაქვს, მაშინ იგი ბოლოში გადაგვაქვს
არ არსებობს ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე „როგორ ავირიდოთ შეცდომები?“. ამის მიუხედავად, მაინც გვსურს, რომ რჩევები გაგიზიაროთ:
- საუბრისას ნუ შეგეშინდებათ შეცდომის გაპარვის. ანგელა მერკელი ორიანს არ დაგიწერთ და არ გაგლანძღავთ ზმნის არასწორად გამოყენების გამო. შეცდომების შიში — თქვენი მთავარი მტერია.
- ისარგებლეთ გერმანულ-გერმანული ლექსიკონებით, როცა სიტყვის მნიშვნელობის გაგება გსურთ. ეს დაგეხმარებათ, რომ უკეთესად გაიგოთ კონტექსტი, რომელშიც იგი გამოიყენება.
- გემო გაუსინჯეთ თითოეულ ახალ სიტყვას და სცადეთ დაუყოვნებლივ გახადოთ იგი თქვენი მეტყველების ნაწილი.